საქართველოს შემდგომი დეზინტეგრაცია

მე მგონი საერთო ქართული ცნობიერება საბოლოოდ შეეგუა იმ აზრს რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილი არ არის და აღარ იქნება მომავალში. გადამწყვეტი ამ მხრივ ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის მმართველობის პერიოდია, ლტოლვილების განსახლებით, დევნილი მთავრობის პარალელური სტრუქტურების გაუქმებით. გაივლის კიდევ 10-15 წელიწადი და აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში დამოკიდებულება იქნება ისეთივე როგორიც საინგილოს, ლორეს და ტაო-კლარჯეთის მიმართ. აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ისტორიული ტერიტორიები ამ ქვეყნების შემადგენლობაშია.

ქართველი ობივატელი საბოლოოდ მიხვდება რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ისტორიული ნაწილია და არა აქტუალური ნაწილი. აქტუალური კი დღეს არის აჭარა, ჯავახეთი, პანკისის ხეობა და ქვემო ქართლი. თუ საქართველოს შემდგომი დეზინტეგრაცია გაგრძელდა საქართველო ამ ტერიტორიებს დაკარგავს. განსაკუთრებით საშიში აჭარის და ქვემო ქართლის პრობლემაა. თურქეთი და აზერბაიჯანი არ მალავს საკუთარ ინტერესს. ის რაც დღეს ბათუმში და დავით გარეჯის გარშემო ხდება მხოლოდ დასაწყისია. იმ პერიოდში როდესაც საქართველოს მოსახლეობა თითქმის განახევრდა და განაგრძობს კლებას, აზერბაიჯანის მოსახლეობა თითქმის გაორმაგდა და ზრდას განაგრძობს. დემოგრაფიული ექსპანსია ისლამის გეოპოლიტიკაა. აზერბაიჯანი და თურქეთი მომავალშიც შეეცდებიან დემოგრაფიული ვითარების შეცვლით საქართველოს ტერიტორიის ათვისებას.

Advertisements

სააკაშვილი გამსახურდიას პოლიტიკური მიმესისი

დღეს ალბათ ბევრს აღარ ახსოვს რომ თავის დროზე, ე.წ. “ვარდების რევოლუცის” სცენარში ჩადებული იყო შევარდნაძის ხელისუფლებაზე სამეგრელოს “რევანშის” იდეა. ზუგდიდიდან და სხვა რაიონებიდან მოსახლეობის მასობრივად ჩამოყვანა თბილისში მიკროავტობუსების კოლონებით გადახდილი იყო სოროსის ფონდით. სცენარისტებს ამით უნდოდათ სოციალური უსამართლობის და შელახული თავმოყვარეობის მუხტის გაერთიანება და სააკაშვილის ხელისუფლებისთვის ძლიერი მხარდაჭერის სტარტაპის გაკეთება.

მიშამ მოირგო ზვიად გამსახურდიას მემკვიდრის როლი და ნაციონალისტური რიტორიკა. ოღონდ ზვიად გამსახურდიასაგან განსხვავებით, ნაციონალისტური რიტორიკის პარალელურად ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკა იყო სრულიად კოსმოპოლიტური, ორიენტირებული მოკლევადიან ფინანსურ სარგებელზე, ქვეყნის ბუნებრივი რესურსების გაფლანგვაზე. როგორც წესი ასე იქცევიან ადამიანები რომლებიც მოკლე ვადით არიან ხელისუფლებაში და ამ პერიოდში ცდილობენ ყველაფერი მოასწრონ. ქვეყნის ბედი, ქართველი ერის მომავალი მათ არ აინტერესებთ.

სააკაშვილი გადაიქცა ზვიად გამსახურდიას პროფანაციად, გამსახურდიას პოლიტიკური მიმესისად. როდესაც გარეგნული მხარე, ემოციურობა, ისტერიულობა, ნაციონალისტური რიტორიკა ერთნაირია ხოლო მოქმედება განსხვავებული. ბოლო პერიოდში კიევში განვითარებულ მომვლენებშიც შეიძლება დავინახოთ გამსახურდიას პროფანაცია.

დევნილმა პრეზიდენტმა გამსახურდიამ ღირსების შენარჩუნების მიზნით თვითმკვლელობა აირჩია.
შევიწროვებული ექსპრეზიდენტი სააკაშვილი კი შენობის სახურავებზე დაძვრება, როგორც ბომჟს
და წვრილმან თაღლითს მას იატაკზე ათრევენ თმებით. ტრაგედია განმეორდა უკვე მერამდენედ ფარსის სახით. გამსახურდიას პოლიტიკური შეცდომები სიცოცხლის ფასად დაუჯდა, სააკაშვილს ღირსების საბოლოო დაკარგვად რომელიც მას არც არასდროს გააჩნდა.

სამოქალაქო ომის შესახებ ზვიადიდან მიშამდე

კიდევ ერთხელ სამოქალაქო ომის შესახებ. ახალგაზრდებისთვის ვინც იმ პერიოდს ვერ მოესწრო:

ომი დაიწყო გამსახურდიას მხრიდან პარლამენტის დაშლით და კანონიერი მთავრობის გაუქმებით 1991 წლის სექტემბერში. გამსახურდიამ პარლამენტიდან გაყარა ოპოზიციური დეპუტატები და პრაქტიკულად მხოლოდ საკუთარი პარტიის “მრგვალი მაგიდის” დეპუტატები დატოვა. ამის შემდეგ დაიწყო უკვე “მრგვალი მაგიდის” დაშლა და სამხედრო დაპირისპირება მრგვალი მაგიდის ზვიადისტური ხელისუფლების შიგნით.

ლაპარაკი იმაზე რომ თურმე ვიღაცამ კანონიერი მთავრობა ძალით დამხო არის სისულელე. საქართველოს კანონიერი მთავრობა და პარლამენტი უკვე აღარ ჰყავდა. პრეზიდენტი რომელიც ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს მანდატებს წაართმევს და საკუთარი ერთგული ადამიანებით ჩაანაცვლებს აღარ არის კანონიერი. 1991 წლის სექტემბერში გამსახურდიამ განახორციელა სახელმწიფო გადატრიალება, მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია. ამას ძალიან მალე მოჰყვა მისი ხელისუფლების დაშლა, მრგვალი მაგიდის წევრებს შორის დაპირისპირება. გამსახურდია, კიტოვანი-სიგუა და ვაჟა ადამია (რომელიც დღეს ბევრს დაავიწყდა) მრგვალი მაგიდის წევრები იყვნენ. სამოქალაქო ომი ამ სამ ძალას შორის დაპირისპირებით დაიწყო.

თენგიზ კიტოვანი გამსახურდიას ხელისუფლების ნაწილი იყო, რომელსაც სხვათაშორის ხმა არ ამოუღია მაშინ როდესაც გამსახურდიამ პარლამენტი დაშალა და ავტორიტარული მმართველობა გამოაცხადა. კიტოვანი გამსახურდიას მხოლოდ იმიტომ დაუპირისპირდა რომ გამსახურდიამ გვარდიის სარდლობიდან გადააყენა. ასევე თენგიზ სიგუაც გამსახურდიას დაუპირისპირდა მხოლოდ მას შემდეგ რაც პრემიერ მინისტრობიდან მოხსნეს. რატომ დანიშნა გამსახურდიამ ნასამართლები კრიმინალი კიტოვანი სარდლად, ან უშიშროების აგენტი თენგიზ სიგუა ჯერ რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარედ (აკაკი ბაქრაძის ნაცვლად), და მერე პრემიერ მინისტრად ცალკე საკითხია.

დღეს მრგვალი მაგიდის ნარჩენები ცდილობენ ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანონ და ავრცელებენ მითს თითქოს 1991-92 წლების იანვარ დეკემბერში საქართველოში სამხედრო გადატრიალება მოხდა. საზოგადოებისაგან ითხოვენ რომ ბოდიში მოვუხადოთ, მაშინ როცა თვითონ აქვთ ბოდიში მოსახდელი. ხელისუფლების უზურპაციისთვის, მერე ერთმანეთთან დაპირისპირებისთვის, გადამწვარი თბილისის ცენტრისთვის და სამოქალაქო ომისთვის. იმისთვის რომ საკუთარ ამბიციებს, ძალაუფლებისთვის ბრძოლას შესწირეს ქვეყნის ინტერესები. არაკომპეტენტური, გაუნათლებელი მმართველობით გაანადგურეს ქვეყნის ეკონომიკა. ნაციონალისტური შოვნისიტური რიტორიკით მოახდინეს ეთნოკონფლიქტების ინსპირაცია რამაც საბოლოო ჯამში საქართველოს დეზინტეგრაცია გამოიწვია.

რაც შეეხება მოსკოვის როლს ამ ყველაფერში. კგბ-ს მთავარი როლი მდგომარეობდა იმაში რომ მეთოდურად ყველანაირად ხელს უწყობდნენ გამსახურდიას და მრგვალ მაგიდას ხელისუფლებაში მოსასვლელად. იცოდნენ გამსახურდიას ფსიქიკის თავისებურებენი და პროგნოზირებდნენ რამდენი უბედურების მოტანა შეეძლო ქვეყნისთვის ფსიქიკურად გაუწონასწორებელ, განდიდების მანიით შეპყრობილ ადამიანს. ამის პარალელურად ქმნიდნენ გასამხედროებულ კრიმინალურ ფორმირებებს. მხედრიონის შექმნაში ერთად მონაწილეობდნენ ცეკას კორუმპირებული მდივნები (გურამ მგელაძე), კრიმინალები და ეროვნული მოძრაობის ლიდერები. პარალელურად მოახდინეს ეროვნული მოძრაობის ზომიერი, გაწონასწორებული ლიდერების მერაბ კოსტავას და ზურაბ ჭავჭავაძის ლიკვიდაცია.

იმის გამო რომ მგრვალი მაგიდის მოქმედებას არ მიეცა გააზრებული რაციონალური შეფასება, ისტორია განმეორდა ფარსის სახით. სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა იყო გამსახურდიას და მრგვალი მაგიდის გამეორება გროტესკული ფორმით. ამიტომ დღეს უკვე დროა ერთხელ და სამუდამოთ გავიაზროთ ჩვენი ისტორია და თავი დავიზღვიოთ წარსულის შეცდომებისგან.

პანკისის ხეობა. გაგრძელდება თუ არა საქართველოს დეზინტეგრაცია?

ამერიკა უკვე დიდი ხანია ისლამურ ტერორიზმს რუსეთის წინააღმდეგ იყენებს და ამ ბრძოლაში
საკუთარი ვასალი ქვეყნებიც ჩართო. თავად ამერიკა ორი ოკეანეთი დაცულია ისლამური ინტერვენციისგან, ვასალ ქვეყნებზე კი ამას ვერ ვიტყვით. ყველა ვხედავთ რა დაემართა გერმანიას, სადაც მოსახლეობის ჩანაცვლების პოლიტიკა მზარდი კრიმინალის, ისლამიზაციის, ძალადობის ფონზე მიმდინარეობს და ადრე თუ გვიან ეკონომიკურ კატასტროფასაც გამოიწვევს.
სამწუხაროდ არც საქართველო აღმოჩნდა იმუნური ისლამიზაციის მიმართ.

მოყოლებული მრგვალი მაგიდის პერიოდიდან, პანკისის ხეობა გადაიქცა ვაჰაბიზმის და ტერორიზმის ბუდეთ. რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ჩეჩენი და არაბი ტერორისტების თავს აფარებდნენ პანკისის ხეობას. 90-იანი წლების მიწურულს, ყოველივე ამის გამო რეალური გახდა პანკისში რუსული ინტერვენცია. ამერიკელებმა ქართველ ძალოვანებს მისცეს ბრძანება წაეშალათ პანკისში კვალი. ქართველმა ძალოვანებმა გილაევის ბანდა პანკისიდან აფხაზეთში გადაიყვანეს და პანკისის ტერორისტებისგან დაცლა დაიწყეს, თუმცა დროებით.

სიირიის ომმა პანკისის ხეობა და ისლამური ტერორიზმი ისევ აქტუალური გახადა. წლების განმავლობაში პანკისის ხეობაში ხდებოდა ისლამისტი ტერორისტების რეკრუტირება
და სირიაში გამგზავრება სადაც ისინი სირიის მთავრობის და რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. 6 ათასიანი პანკისის ხეობიდან სირიაში რამოდენიმე ასეული პანკისელი ტერორისტი იბრძოდა, რაც სრული კატასტროფაა საქართველოსთვის. ისლამური სახელმწიფოს შევიწროვების და რუსული ავიაციის მიერ ტერორისტების ბაზების დაბომბვის შემდეგ, პანკისელი ტერორისტების დიდი ნაწილი საქართველოში დაბრუნდა.

ჩატაევის დაჯგუფების ლიკვიდაცია და მაჩალიკაშვილის საქმე სირიის ომის, ისლამური სახელმწიფოს კონტექსტში უნდა განვიხილოთ. რას ნიშნავს ეს ყოველივე საქართველოსთვის? ალბათ იმას რომ მაჩალიკაშვილის მამის მუქარა კერძო შემთხვევად არ უნდა მივიჩნიოთ და მთელი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. პანკისის ხეობაში ახალი ისლამისტური ცხელი წერტილის შექმნის და საქართველო დეზინტეგრაციის პროცესს ადგილზე ბევრი მხარდამჭერი
ჰყავს. სამწუხაროდ საქართველომ ვერაფერი ვერ ისწავლა. უკვე მერამდენედ საქართველო დაუფიქრებლად ჩაება გეოპოლიტიკურ თამაშში რაც შეიძლება ქვეყნისთვის
დამღუპველი აღმოჩნდეს.